თბილისის ღირსშესანიშნაობები

ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავზე. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.
20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. ქანდაკება სიმბოლოურად გამოსახავს ქართულ ხასიათს: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.
ილია ჭავჭავაძის ლექსი ქართლის დედაზე
აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა…
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი…
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს…
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий