
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა
.jpggfgh.jpg)


1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700 წლისთვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი — ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრებას თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის და ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.
1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 წელს ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 წელს თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 წელს თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა 1795).1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“, 1828-იდან — „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის — დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918 და 1919 წელს ერთმანეთს ჩაენაცვლა აქ გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები.
ეროვნული მთავრობის ქვეშ თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ — ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი დარჩა იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა მის შემოგარენთან მწვავე ბრძოლების შემდეგ და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.[5]1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა.

თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადში აირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. თავდაპირველად (2005 წლამდე) მერი დანიშვნთი იყო და მას ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი[6], შემდეგ საკრებულო ირჩევდა[7]. 2009 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით მერი პირდაპირი არჩევითი თანამდებობდა გახდა[8], რითაც თვითმმართველი ქალაქების პოლიტიკური მოწყობა შესაბამისობაში მოვიდა რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობასთან. ქალაქის მიმდინარე მერია გიგი უგულავა[9], ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე — ზაალ სამადაშვილი[10][11].

ძველი თბილისის რაიონი
მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა
ვაკე-საბურთალოს რაიონი
ვაკე-ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის მიკრორაიონები, დიღომი-ვაშლიჯვარი, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩა, კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანი
ისანი-სამგორის რაიონი
კრწანისი-ფონიჭალა, ზემო ავლაბარი-მეტრომშენი, ნავთლუღი, ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი, ვარკეთილი, მესამე მასივი, ორხევი, აეროპორტი, ლილო, ქვემო სამგორი
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
ზემო ჩუღურეთი, დიდუბე, დიღმის მასივი
გლდანი-ნაძალადევის რაიონი
ძველი ნაძალადევი, ლოტკინი, ნაძალადევი, სანზონა, თემქა, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის ლუწი მიკრორაიონები, გლდანის კენტი მიკრორაიონები, მუხიანი
დიდგორის რაიონი
დიდგორი
რაიონებს სახელი ქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით ქვია. თბილისელთა უმრავლესობა არაფორმალურად ქალაქის უფრო მცირე ისტორიული უბნების სისტემას ცნობს. ასეთი უბნები მრავლადაა, თუმცა მრავალმა მათგანმა გამოკვეთილი ტოპოგრაფიული საზღვრები დროთა განმავლობაში დაკარგა. ქალაქს ბუნებრივად მდინარე მტკვარი ყოფს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. უძველესი უბნების სახელები სათავეს ადრეული შუასაუკუნეებიდან იღებს. უახელსი უბნები ბოლოდროს გაშენებული საცხოვრებელი კვარტლების სახელს ატარებს.
რევოლუციამდელ თბილისში ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. ეთნიკური უბნების საზღვრებს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ბედეკერი:
ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკინიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ. სამხრეთით ქართული უბანია (ავლაბარი). მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული უბანია, სადაც მეფისნაცვლის საბრძანებელი და მეწარმეთა ოფისებია განლაგებული. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სომხური და სპარსული ბაზრები.[14]
ოთარ ლიტანიშვილი 1992–1993
კონსტანტინე გაბაშვილი 1993
ნიკოლოზ ლეკიშვილი 1993–1995
ბადრი შოშიტაიშვილი 1995–1998
ივანე ზოდელავა 1998–2004
ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004–2005
გიგი უგულავა 2005–დღემდე
საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.
თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 წელს ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[15]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“ (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან — პირველი მარქსისტული კულტურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის „მესამე დასის“ წევრები.
1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები — „ცისფერყანწელები“. 1920-იანი წლების დამდეგს აქ აღმოცენდა „აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ფუტურისტ-ლეფელებისა“ და „პროლეტარული მწერლობის“, ხოლო 1927—1928 — „არიფიონის“ ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I-მა და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 — თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 — თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 — ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 — სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 — სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 — ვაჟთა სამიჯნაო სკოლა.
XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 „საქველმოქმედო საზოგადოებამ“ თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862—1870 წლებში — 10 სკოლა, 1862 წელს — 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866—1870 — კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს — თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 — ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.
1879 წელს თბილისში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ (1878) ინიციატივით გაიხსნა „სათავადაზნაური ქართული სკოლა“ პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის ქართული გიმნაზია).
80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881 ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო.XX საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905—1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახლხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრელუსი მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.
1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915—1916-თვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2 კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი, ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 — თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).თბილისში არსებობდა რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღი (პირველი გაიხსნა 1859, მეორე — 1865 და სხვა.). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი, რომელიც გამუდმებით ფართოვდებოდა. 1921—1931 წლებში თბილისში გაიხსნა 140-მდე ახალი სკოლა (მ. შ. 4-წლიანი დაწყებითი, 7-წლიანი შრომის სკოლები, 9-წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3-4 წლიანი ტექნიკუმები). 1923/1924 სასწავლო წელს თბილისში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი).ვარდების რევოლუციის შემდგომ მასიურად დაიწყო თბილისში თანამედროვე ტიპის შენობების მშენებლობა. ასევე პარარელურად ხორციელდებოდა ძველი თბილისის რესტავრაციის პროგრამა.თბილისში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-ში, შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მას შემდეგ, რაც დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941). თუ 1941 წლისთვის თბილისში სულ იყო 42 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით), სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერ-მუშაკი, 1979 თბილისში, აკადემიის სისტემის 32 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდა, იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სულ თბილისში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ. შ. 1167 მეცნიერებათა დოქტორი და 6584 მეცნიერებათა კანდიდატი.
1979 წელს თბილისში იყო 107 მასობრივი ბიბლიოთეკა (3047,9 ათ. წიგნი და ჟურნალი), 100 სამეცნიერო ბიბლიოთეკა (14845 ათ. წიგნი და ჟურნალი), უმაღლესი სასწავლებლების 11 ბიბლიოთეკა (6592 ათ. წიგნი და ჟურნალი), ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულებებისა და ორგანოების 54 ბიბლიოთეკა (1148 ათ. წიგნი და ჟურნალი).1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა ვახტანგ VI-მ 1709 წელს. პირველი ქართული ბეჭდვითი ორგანო „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა 1819 წელს (1820-იდან „ქართული გაზეთი“), 1828 — ოფიციალური გაზეთი „ტფილისის უწყებანი“, 1852—1875 გამოდიოდა ჟურნალი „ცისკარი“, 1866—1885 — გაზეთი „დროება“. 1877 ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „ივერია“ (1886-იდან გაზეთი). 1903—1905 მუშაობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა. 1966 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. 1936 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო (საქინფორმი). რადიომაუწყებლობა მუშაობს 1927-იდან. ტელეგადაცემები დაიწყო 1956 წლის დეკემბრიდან. ტელეცენტრია თბილისში.ქალაქის მოსახლეობის 85% ქრისტიანია, მათგან უმეტესობა მართლმადიდებელია[16]. მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები ჰყავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკეები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენს. მოსახლეობის დიდი უმცირესობა ისლამს მისდევს (8%). თბილისელთა დაახლ. 2% იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 20-30 ათ. ქურთი ცხოვრობს, რომელთა 61% იეზიდია. ქალაქი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრებისა თუ სამლოცველოების სიუხვით.ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქალაქის მსგავსად, აზიური კულტურის გავლენით, თბილისს ისტორიულად ქალაქის ცალკეული უბნები ჰქონდა გამოყოფილი სპორტული ასპარეზობებისთვის. თანამედროვე საბურთალოსა და დიდუბის ტერიტორიებზე ადრე სპეციალური შეჯიბრებები ტარდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული სახეობები თბილისში ცხენბურთი, ჭიდაობა და ფარიკაობა იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დასავლეთთან ინტეგრაციასთან ერთად თბილისში ევროპული სპორტის სახეობებიც ხდება პოპულარული XIX საუკუნეში. XX საუკუნეში აქ უკვე დომინირებს ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. 1978 წლისთვის თბილისს უკვე 250-მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი. ამჟამად თბილისში უდიდესია ბორის პაიჭაძის სტადიონი (55 ათას მაყურებელზე) და მიხეილ მესხის სტადიონი (24 680 მაყურებელზე). სპორტის სასახლე, სადაც ჩვეულებრივ საკალათბურთო ტურნირები ტარდება, 11 ათას მაყურებელს იტევს. ვერის საკალათბურთო დარბაზი 2500 მაყურებელზე გათვლილი.

თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთის გუნდი დინამო თბილისი 1981 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშებაზე. საკალათბურთო გუნდი "დინამო" ასევე ევროლიგის ჩემპიონი გახდა 1962 წელს.
თბილისის მოსახლეობის ცვალებადობა ბოლო 10 წლის განმავლობაში [17]
მონაცემებში ასახულია თბილისში რეგულარულად მცხოვრებთა რაოდენობა. თუმცა რეალურად ქალაქში დაახლოებით კიდევ 300 ათასი ადამიანით მეტი ცხოვრობს. ძირითადად ესენი არიან რეგიონებიდან დროებით ჩამოსული, სტუდენტები, მუშები, გლეხები და ა.შ.თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.
2000 | 2001 | 2002 | 2003 | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1097.5 | 1088.5 | 1081.7 | 1079.1 | 1078.2 | 1079.7 | 1103.3 | 1101.1 | 1106.7 | 1106.7 | 1152.5 |
მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღ. დ 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღ. დ. 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე. წ ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღ. დ. 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდ. მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.
მტკვრის მარცხენა ნაპირეთში მდებაორების მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.
თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.
პირველი ტერასა, რომლის შეფარდებითი სიმაღლე მტკვრის ხეობასთან 1-დან 5-მდე მერყეობს, თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებშია. მათ შორის აღსანიშნავია ე. წ „პესკები“ ანუ რიყე, რომელსაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრევი იცნობენ, როგორც სახალხო ზეიმის — „თბილისობის“ გამართვის ადგილს.
მეორე ტერასა (შეფარდებითი სიმაღლე 7-10 მეტრი) მთლიანადაა განაშენიანებული. აქ მდებარეობს დავით აღმაშენებლის პროსპექტი, დიდუბე, ავჭალა, დიღომი.
მესამე ტერასა მდ. მტკვრის დონიდან 20-25 მეტრი სიმაღლისაა. აღნიშნულ ტერასაზეა რუსთაველის პროსპექტი, ვაკისა და საბურთალოს ნაწილი, მარცხენა სანაპიროზე კი — ავლაბარი.
მეოთხე ტერასაზე, რომლის სიმაღლე 60-80 მ-ია, გაშენებულია ნაძალადევი, ღრნაღელე და ლოტკინი.
მეხუთე ტერასის შეფარდებითი სიმაღლეა 145—160 მ. იგი ყველაზე კარგად გამოხატულია მახათას მთის მიდამოებში, რადგანაც სწორედ აქ აქვს მას პლატოსმაგვარი ფორმა.
თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.
თბილისის რელიეფში განსაკუთრებით საინტერესოა ის დეპრესია, რომელიც ამჟამად „თბილისის ზღვას“ უკავია. არადა, აქ რამდენიმე ათეული წლის წინ სამი მლაშე ტბა იყო. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტბები მდინარე მტკვრის უძველეს ხეობაში მდებარეობდა.
თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური კლიმატის ელემენტებით). ზაფხული თბილისში საგრძნობლად ცხელია. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4o-ია. ზამთარი ცივია (იანვარში +0,9o). ნალექის საშუალო რაოდენობა 540 მმ-ის ტოლია. ნალექების მაქსიმუმი დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, მინიმუმი კი — ზამთრისთვის. თოვლის საფარი აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება.
თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.
კლიმატი
თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C; აბსოლუტირი მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დავასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.თბილისს კომპლექსური საზოგადოებრივი სატრანსპორტო კვანძი აქვს. მოქმედებს მეტროპოლიტენის ორი ხაზი და ავტობუსების ქსელი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. 2006 წლიდან ქალაქში დაიხურა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ტრამვაისა და ტროლეიბუსის მოქმედი ხაზები. ქალაქს ემსახურება აეროპორტი და რკინიგზა. თბილისში სამდინარო ტრანსპორტი განვითარებული არ არის.
სწრაფი საზოგადოებრივი ტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება ქალაქში თბილისის მეტროპოლიტენია. ამჟამად მეტროს 22 სადგური განლაგებულია ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვი, ლენინგრადი და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორატულობით გამოირჩევა. დედაქალაქის მეტროს შესახებ იხილეთ თბილისის მეტროსადგურების სია.
დაძმობილებული ქალაქები
თბილისის დაძმობილებული ქალაქები არიან:
ზაარბრიუკენი, გერმანია (1975)
ნანტი, საფრანგეთი (1979)
ლუბლიანა, სლოვენია (1979)
ინსბრუკი, ავსტრია (1982)
ერევანი, სომხეთი (1996)
ატლანტა, აშშ (1987)
პალერმო, იტალია (1987)
ბრისტოლი, ინგლისი (1988)
ბილბაო, ესპანეთი (1989)
ანკარა, თურქეთი
კიევი, უკრაინა (1999)
ასტანა, ყაზახეთი (2005)
სტამბოლი, თურქეთი
ტომსკი, რუსეთი
ოდესა, უკრაინა
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (1999)
რიგა, ლატვია
ლაგოსი, ნიგერია (2003)